Piczo

Log in!
Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.

Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
Ok, I got it
mwerleebii
ukaannn
vaja-fshavela
ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი), ქართველი პოეტი, დაიბადა 1861 წ. 14 ივლისს სოფ. ჩარგალში (დუშეთის რ-ნი). რვა წლამდე იგი ჩარგალში იზრდებოდა მამის, სოფლის თვითნასწავლი მღვდლის, პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში. (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილი ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში; 1877-79 წწ. გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წ. დაამთავრა. სამართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დაახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლებლობდა, 1883-84 წწ. პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვრის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888 წ. ცხოვრობდა ჩარგალში, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექხები. ვაჟა-ფშაველას პირველი კორესპოდენცია “წერილი ხევსურეთიდან” 1879 წ. დაიბეჭდა “დროებაში”; ვაჟა-ფშაველას შემოქმედება XIX ს. ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. სამყაროს მამოძრავებელი ძალების, ბუნების “იდუმალი ენის” წვდომის დაუცხრომელი წადილი მას ქართული რომანტიზმის მწვერვალთან, ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებასთან ანათესავებს. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. შემდგომ მის შემოქმედებაში გაღრმავდა ის ტენდენციები, რომლებსაც ი. ჭავჭავაძემ და ა. წერეთელმა მისცეს გეზი. ვაჟამ უაღრესად სრულყოფილი ფორმით გამოხატა “მიწისა და ცის” – რეალისტურისა და რომანტიკულის – ურთიერთგამსჭვალავი მთლიანობა. პოეზიის კრედო წარმოჩენილია ლექსებში “მთას ვიყავ” (1890), “სიტყვა ეული”, “ნუგეში მგოსნისა” (1894), “სიმღერა” (1896); ლიტერატურულ-კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებში “ფიქრები” (1891); “ფიქრები “ვეფხისტყაოსნის” შესახებ” (1911) და სხვა. პოეტის დამოკიდებულება ხალხურ შემოქმედებასთან მჟღავნდება მის წერილებში “გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით” (1889), “კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი” (1914) და სხვა. ქართველ პოეტთა შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მის ლირიკაში ბუნების საგნებსა და მოვლენებს მთლიანად შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალასე. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით პოეტს მაღალი გონიერებისა და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია (“მუდარა”, 1889; “დამსეტყვე ცაო”, 1903; “სიცოცხლემ შხამი მასმია”, 1903 და სხვა). მაგრამ ვაჟა-ფშაველა, როგორც დიდი ჰუმანისტი, შორსაა ეთიკური განურჩევლობისაგან. მისთვის მთავარია არა მხოლოდ ესთეტიკური ჭვრეტისა და ტკბობის საგანი, არამედ ეთიკური მწვერვალიც (“გამამერია ჭაღარა”, 1894; “მთათ მითხრეს”, 1897 და სხვა). უნივერსალური ჰარმონიისაკენ სწრაფვას არ დაუჩრდილავს პოეტის თვალში ადამიანური ყოფის წინააღმდეგობები. ვაჟა-ფშაველა – დამონებული ხალხის შვილი – მტრისადმი დაუნდობელი სისასტიკის მქადაგებელია. ის თავის სიმღერებს მებრძოლ, შეუპოვარ კილოზე აგებს. მან უღრმესი გავლენა მოახდინა ქართველი ხალხის გაღვიძებულ ეროვნულ თვითშეგნებაზე (“ომის წინ ჯარის სიმღერა”, 1888; “ხმა სამარიდან”, 1893; “ბაკური”, 1899; “ქართლს”, 1912; “კახეთს”, 1913; “ფშაველი ჯარისკაცის წერილი”, 1914 და სხვა). ვაჟა-ფშაველას პატრიოტულ ლირიკაში ალეგორიულ სიმბოლიკას დაკარგული აქვს სპეციფიკური რაციონალისტური ელფერი. აქ ყოველი სახე ემოციურია და მკაფიოდ გამოხატული გრძნობადი ხასიათი აქვს (“ამირანი”, 1884; “არწივი”, 1887; “კიდევაც ვნახავ გაზაფხულს”, 1906). ვაჟა-ფშაველა პიროვნული სრულყოფის, “კაი ყმის” ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში (“კაი ყმა”, 1909; “პასუხი ბაჩანას”, 1913 და სხვა); ამასთან კეთილშობილი მიჯნურიც არის (“ფშავლის სიყვარული”, 1886; “სიყვარული”, 1891; “გამოღმით მე ვარ, გაღმით შენ”, 1905) და ნაზი იისა თუ ნიბლია ჩიტის უბედობის გულისხმიერი მოზიარეც (“ნიბლიას ანდერძი”, 1891; “იას უთხარით, ტურფასა”, 1903). ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX ს. ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულობა – ეროვნული ცნობიერების შექმნის ამოცანა. სამი საწყისი განსაზღვრავს მისი ეპიკური შემოქმედების პათოსს: ჰეროიკული, ტრაგიკული და ჰუმანური (პოემები “მოხუცის ნათქვამი”, “გიგლია” (1886), “გოგოთურ და აფშინა” (1887), “ალუდა ქეთელაური” (1888), “ბახტრიონი” (1892), “სტუმარ-მასპინძელი” (1893), “ივანე კოტორაშვილის ამბავი” (18960, “სისხლის ძიება” (1897), “გველის მჭამელი” (1901) და სხვა). მან ქართულ პოეზიაში შემოიყვანა ახალი გმირი, რომლის უკომპრომისო ბუნებას, შინაგან სიმართლეს, დაუშოშმინებლობასა და შეუპოვრობას თითქოს გარემომცველი ბუნების სტიქიური ძალები ასაზრდოებს; ამასთან, სულის სიღრმეში იგი ატარებს ფიქრს კაცობრიობის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ. ადამიანის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გმირები ადამიანური ღირსების მაღალი შეგნებით ეგებებიან ბედისწერის განაჩენს (ზვიადაური – “სტუმარ-მასპინძელი”, ალუდა – “ალუდა ქეთელაური”). ჭეშმარიტი ადამიანურობის მაღალ საწყისებს განასახიერებენ სამშობლოსათვის თავშეწირული სახალხო გმირები (“ბახტრიონი”). ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების სულიერი თვალსაწიერი ზოგჯერ ვერ თავსდება დაკანონებული ზნეობრივი კოდექსის ჩარჩოებში (ზვიადაური, ალუდა). ცხოვრება მოითხოვდა ძირეულ გარდაქმნას, რაც, პოეტის რწმენით, შესაძლებელი იყო მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით. მძაფრ კოლიზიას ამგვარ პიროვნებასა და ვიწრო უტილიტარული ინტერესებით შეზღუდულ საზოგადოებას შორის ავლენს “გველის მჭამელი”. მინდიას ფაუსტური სწრაფვა სამყაროს იდუმალებათა შეცნობისაკენ შერწყმულია ადამიანისათვის თავდადებული სამსახურის ძლიერ წადილთან. “ბახტრიონისა” და “გველის მჭამელის” ავტორმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა მითის ელემენტი და ამ პრიზმაში სინამდვილის ახალი, უჩვეულო მასშტაბები განჭვრიტა. ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი   XIX ს. ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო ხალხური შემოქმედებაა. ვაჟა-ფშაველას პოეზიის ენა კამათის საგნად იქცა (ა. წერეთლის ცნობილი ლექსი “ვაჟა-ფშაველას”, 1913 წ. და ვაჟა-ფშაველას “დაგვიანებული პასუხი აკაკის”, 1913 წ. ). მისი ენობრივი პოზიცია დაეჭვებას იწვევდა ჩვენს დროშიც. ვაჟა-ფშაველამ გააფართოვა ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები; კერძოდ, დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა, მრავალფეროვნება შესძინა ლექსის სიტყვიერ ქსოვილს. ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში მთიელთა ყოფაცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე ნაჩვენებია იმდროინდელი საქართველოს მძაფრი სოციალური კონფლიქტები (“პატარა მწყემსის ფიქრები”, “დარეჯანი”, 1886; “პაპას მსოფლიო ფიქრები”, 1903; “უძმოს ძმა”, 1906 და სხვა). უნიკალური შინაარსისაა XIX ს. ქართული ლირიკული პროზის ნიმუშები; “შვლის ნუკრის ნაამბობი” (1883). “ხმელი წიფელი” (1888-89), “ქუჩი” (1892), “მთანი მაღალნი” (1892). გასულდგმულებული ბუნების პირით გამოხატულია უგულობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ მიმართული, ღრმა ჰუმანური იდეალებით შთაგონებული თვალსაზრისი. ზნეობრივი პრინციპების უაღრესი მხატვრული თვალსაჩინოება, თხრობის ფოლკლორული სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა გამიზნულია მოზარდი მკითხველებისათვის. ყველა ეს ნაწარმოები ქართული საბავშვო ლიტერატურის კლასიკური ნიმუშია. ვაჟა-ფშაველას დრამატულ ნაწარმოებთაგან (“სცენა მთაში”, “სცენები”, 1889; “ტყის კომედია”, 1911; “ნაკვესები”, 1886-1908) აღსანიშნავია დრამა “მოკვეთილი” (1894), რომელიც წლების განმავლობაში იდგმებოდა ქართულ სცენაზე. ვაჟა-ფშაველა კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს. ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები “ფშავლები”, “ფშავლების სურათებიდამ”, “ხევსურები” (1886), “ლაშარობა”. 1888), “ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა   და იდეალი ფშაური პოეზიის გამოხატულებით”, (1889), “ძველი და ახალი ფშავლების პოეზია” (1896) და სხვა. “ცივილიზებულ” სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით ადევნებდა თვალს კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკივნეულ კითხვებზე; დაედგინა მანკიერებათა პირველმიზეზიც და მათგან განკურვნის, ზნეობრივი გამოჯანმრთელების საღი წყაროები (პუბლიცისტური წერილები “ფიქრები”, 1892, 1901, 1902; “რამე-რუმე მთისა”, 1892; “თიანური ფელეტონები”, 1901,1902; “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”, 1905; “შავბნელი ამბები”, 1905).ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნებად იშვიათად იბეჭდებოდა (მოთხრობათა კრებული, 1889, 1898; “თხზულებანი”, 1899; “ცრემლები”, 1909 და სხვა). 1925-56 წლებში ა. აბაშელი თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე. ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა 1915 წლის 27 ივლისს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

”...ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა.. აკაკის საიუბილეოდ

მშობელი ქვეყნის მოზარევ,
უნდა გიმღერო მთურადა.
იმავ ჭირით ვარ სნეული,
რაც შენ გატყვია წყლულადა.
რა ვუყოთ? ბედი შავბედი
თუმცა გვექცევა მგლურადა,
მაინც ვაჟღერებ ჩონგურსა
მტარვალთა შესამუსრადა,
შენს სამახსოვროდ, მოხუცო,
თავს ჩაჩქნად დასახურადა!
თუნდ არ მოგწონდეს, იქნება,
ჩემის ფანდურის ჩხაკუნი,
მიიღე სარეკელასი
როგორც წისქვილში რაკუნი,
ეს ჩემი შენთვის მიძღვნილი
სალამი, გრძნობის ნაჟური,
დღევანდელ დღესა არ ძალიმძს,
არ ჟღერდეს ჩემი ფანდური!
ილიაც მესაუბრება,
უნდა დავუგდო მას ყური.
დავალებული გულისა
უნდა ამოთქვას ენამა:
წყლულები საქართველოსი
გაიგო შენმა სმენამა.
მეც ამატირა ბევრჯელა
შენს თვალზე ცრემლის დენამა.
ნეტავი ბევრი გაზარდოს
შენისთანები დედამა!
რომ მიყვარს მამულიშვილი,
დაე, იცოდეს ყველამა,
გადაგვარების მოსურნე
შეჭამოს ტურა-მელამა!
მადლობელი ვარ გულითა,
შოთაის სულის ლხენამა!
სამშობლოს სამსახურისთვის
ჩანგი გიკურთხოს ზენამა!
1908 წ.
akaki wereteli
აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.


სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა [რედაქტირება]
სტუდენტობის წლებშივე ჩამოყალიბდა აკაკი წერეთლის პროგრესული ესთეტიკური აზროვნება, რომელიც მის პირველსავე ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებში გამოვლინდა. პოლემიკური ხასიათის "ახირებული ფურცელი" (ჟურნ. "ცისკარი", 1862, N 5) "მამათა" კონსერვატორული ბანაკის წინააღმდეგ იყო მიმართული (საქართველოს ისტორიაში ეს დაპირისპირება ""მამებისა" და "შვილების" ბრძოლის" სახელით არის ცნობილი). განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მის საპროგრამო წერილს «რამოდენიმე სიტყვა "ჩანგურის" შესახებ» (ჟურნ. "ცისკარი", 1865, N 9), რომელშიც ავტორი მკაცრად გმობდა "წმინდა ხელოვნების" პრინციპებს, სახავდა ქართულ დემოკრატიულ მწერლობის მიზნებსა და ამოცანებს, მოითხოვდა ობიექტური სინამდვილის, ქართულ საზოგადოებრივ-ეროვნული ცხოვრების საჭირბოროტო მოვლენების რეალისტურ ასახვას. ეს მოწინავე თვალსაზრისი შემდგომში მკაფიოდ გამოვლინდა პოეტის ლექსებშიც ― "პოეტი" (1886), "ჩანგური" (1871) და სხვ.

ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.

მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის "აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს "ხუმარა", რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძონებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.

წერეთელი ავტორია არაერთი შესანიშნავი სატრფიალო ლექსისა, რომლებმაც ფართო პოპულარობა მოიპოვა: "ალექსანდრა" (1860), "ციცინათელა" (1869), "მუხამბაზი", "რომ იცოდე ჩემი გულის დარდები"... (1876), "ქებათა ქება" (1882) და სხვა. მისი პოეტური შთაგონების უმთავრეს მასაზრდოებელ წყაროს უფლებააყრილი სამშობლოს ბედ-იღბალი, მისი აწმყო, წარსული თუ მომავალი, ქართველი ერის ყოფა და მისი მდიდარი სულიერი სამყარო წარმოადგენდა (ლექსები "მუშური" (1861), "სიმღერა მკის დროს", "გლეხის აღსარება" (ორივე 1863), "იმერული ნანინა" (1864), "ჩემო თავო, ბედი არ გიწერია" (1871), "მუხამბაზი" ― "ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე..." (1872), "გოგია მეჩანგურე" (1875), "აღმართ-აღმართ" (1876), "ავადმყოფი" (1880), "გაზაფხული" (1881), "ხანჯალს" (1882), "ამირანი" (1883), "ჭაღარა" (1886),"მუშის ნატვრა"(1890), "ღამის მეხრე", "სატრფოს", "განთიადი" (სამივე 1892), "სულიკო" (1895), "მწყემსის სიმღერა" (1897), "თქვენი ჭირიმე" (1905), "მომაკვდავის ფიქრები" (1911) და სხვა). ქართველი ერის მიძინებული ეროვნული თვითშეგნების აღორძინებაში დიდი როლი შეასრულა აკაკი წერეთლის ისტორიულმა პოემებმა და დრამებმა ― "ბაგრატ დიდი" (1875), "თორნიკე ერისთავი"(1883), "თამარ ცბიერი" (1885), "კიკოლას ნაამბობი" (1889), "პატარა კახი"(1890), "ნათელა" (1897), შესანიშნავმა რომანმა ― "ბაში-აჩუკი" (1895-1896), რომლებშიც ქართველი ხალხის გმირული წარსულის სურათებია გაცოცხლებული.

ბევრმა არ იცის, რომ თავისი მელოდიურობით ცნობილი ქართული სიმღერა '"სულიკო”'-ს სიუჟეტი ითვალისწინებს სამ მეტაფორას (სამი - ღვთიური ციფრია) - ღმერთის სამ ჰიპოსტასს მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა. ეშმაკის და ბოროტი ძალების პროტოტიპი აქ არის ეკალი. ეს სიმღერა ბევრ უცხოელს არა მხოლოდ მელოდიურობით, არამედ მათთვის ცნობილი შინაარსით ხიბლავს.

უდიდესი აღმზრდელობითი მნიშვნელობა ჰქონდა პოემას "გამზრდელი" (1898), რომელშიც ზნეობის პრობლემებია წამოჭრილი; ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოებში "ჩემი თავგადასავალი" (1894-1908) აისახა აკაკი წერეთლის თანამედროვე ეპოქის მრავალი საგულისხმო ფაქტი და მოვლენა.

წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დასტოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.

ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.

აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
ilia wavwavadze
დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა - მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას - მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ - მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.


განათლება [რედაქტირება]
1848-იდან ილია ჭავჭავაძე თბილისის კერძო პანსიონში სწავლობდა, 1852-იდან - თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, 1857-1861 - პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების - ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.


შემოქმედება [რედაქტირება]
ამ წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: პოემა "აჩრდილი" (პირველი რედაქცია, 1859), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებზე წუხილის ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენითაა განმსჭვალული; ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით შთაგონებული დრამატული პოემა "ქართვლის დედა. ”სცენა მომავალ ცხოვრებიდან" (პირველი რედაქცია, 1860); პოემა "კაკო ყაჩაღი" - "რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან" (1860) - მძაფრი პროტესტი ბატონყმობის წინააღმდეგ; ამავე პერიოდს განეკუთვნება როგორც ჭავჭავაძის პოეტური თარგმანები ( შილერის, ჰაინეს, რიუკერტის, ბაირონის, სკოტის, შენიეს, პუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებისა) და სატრფიალო ლირიკის უდიდესი ნაწილი, ასევე პროგრესული სოციალურ და ეროვნულ იდეალებითა და მხატვრული სიახლეებით აღბეჭდილი საყოველთაოდ ცნობილი ლექსები "ხმა სამარიდან" (1857), "გუთნის-დედა", "ქართვლის დედა", "ჩემი თარიაღალი" (სამივე 1858), "ნანა" (1859), "ქართველ სტუდენების სიმღერა", "მუშა", "იანიჩარი" (სამივე 1860); პატრიოტული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუშები - "ელეგია" (1859), "მესმის, მესმის" (1860), "გაზაფხული" ("ტყემ მოისხა ფოთოლი"..., 1861); "პოეტი" (1860), რომელშიც ნათლად არის ჩამოყალიბებული ჭავჭავაძის შეხედულება პოეტის საზოგადოებრივი მისიის შესახებ.

ამავე ხანებში იქმნება ჭავჭავაძის მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში: ბატონყმური ინსტიტუტის მანკიერებათა მამხილებელი მოთხრობა "გლახის ნაამბობი" (I-IV თავები, 1859) და ესკიზები მოთხრობისა "კაცია-ადამიანი?!", სადაც მებატონეთა გადაგვარებული და სასიკვდილოდ განწირული კლასის უაზრო და უშინაარსო, მცონარული ყოფის მაღალმხატვრული სატირული ასახვა საერთოდ ადამიანის, მისი ზნეობის, მისი ცხოვრების აზრის ზოგადკაცობრიულ პრობლემებზე დაგვაფიქრებს. ჭავჭავაძის პირველმა ლიტერატურულ-კრიტიკულმა წერილმა «ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან "შეშლილის" თარგმნაზედა» ("ცისკარი", 1861) ახალი თაობის ლიტერატურული მანიფესტის მნიშვნელობა შეიძინა. მასში, ისევე როგორც წერილებში "პასუხი" (1861) და "საქართველოს მოამბეზედ" (1863), ნათლად არის ჩამოყალიბებული რეალისტური მწერლობისა და სალიტერატურო კრიტიკის ძირითადი პრინციპები, ხელოვნებისა და ლიტერატურის არსისა და საზოგადოებრივი დანიშნულების, ობიექტური სინამდვილისადმი მხატვრული ლიტერატურის მიმართების მატერიალისტური გაგება, დასაბუთებული სალიტერატურო ენის განმარტივების, საერთო-სახ. ენასთან მისი დაახლოების აუცილებლობა. "ორიოდე სიტყვა"... იქცა "მამებისა" და "შვილების" ბრძოლის საწყისად.


სამშობლოში მოღვაწეობა [რედაქტირება]

ილიასა და აკაკის ძეგლი 1-ლ გიმნაზიასთან, თბილისი.ხანგრძლივი განშორების შემდეგ, 1861 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირვარამის, მისი "დაუყუჩებელი ტკივილების" მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა "მგზავრის წერილებში", რომელიც არა მარტო ავტორის ან "თერგდალეულების" მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული. ამ ხანებში ჭავჭავაძე გატაცებით აგროვებდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.

1863 ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი "საქართველოს მოამბე", მიუხედავად უმძიმესი საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.

1863 წელს ილია დაქორწინდა ოლღა გურამიშვილზე. 1864 "ნივთიერი საღსარის მოსაპოვებლად" მუშაობა დაიწყო ჯერ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ, შემდეგ - საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით - მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. 1868-1873 მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ ხანებში დაწერა მან "გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები" (1865), გადაამუშავა "ქართვლის დედა" (1871) და "აჩრდილი" (1872), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ "მგზავრის წერილებსა" (1871) და "გლახის ნაამბობზე" (1872), ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული წყლულების მტკივნეული აღქმით გამოწვეული მწვავე სატირული ლექსები - "რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა" და "ბედნიერი ერი" (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის უბრწყინვალესი ქმნილებათაგანი - "ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია" (1872); სატირულ-პუბლიცისტური ლექსები "გამოცანები", "კიდევ გამოცანები" და "პასუხის პასუხი" (1871-1872).

1873-იდან თბილისში დამკვიდრებული ილია ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პრაქტიკულ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომლებსაც ბოლო წლებში რამდენადმე ჩამოცილებული იყო. 1875 აირჩიეს თავმჯდომარედ სათავადაზნაურო საადგილ-მამულო ბანკისა, რომელიც ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგად ფაქტობრივად ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოში. 1881-იდან ჭავჭავაძე იყო მისივე ინიციატივით დაარსებული ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, 1879-1885 - "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თავმჯდომარის მოადგილე, 1885-იდან სიცოცხლის დასასრულამდე საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე და სხვ.


"ივერია" [რედაქტირება]
1877 წელს მან დააარსა პროგრესული პერიოდული გამოცემა - "ივერია", რომელიც სამი ათეული წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო. 1873 ჭავჭავაძემ ი. მაჩაბელთან ერთად თარგმნა შექსპირის "მეფე ლირი"; 1878 დაამთავრა ისტორიული პოემა "დიმიტრი თავდადებული", რომელიც სამშობლოსათვის თავგანწირვის პატრიოტული იდეის გაცხოველებას ემსახურებოდა; 1882-1883 შექმნა ღრმა ფილოსოფიური შინაარსის პოემა "განდეგილი", რომელშიც სულისა და ხორცის, ცხოვრების მიღება-არმიღების მარადიული პრობლემაა დასმული და რომლის მხატვრული ლოგიკით დაგმობილია ქვეყნისაგან, ცხოვრებისაგან განდგომა; ადამიანის დანიშნულებად და მოვალეობად დასახულია ამა სოფლისათვის ზრუნვა. ქართველი ერის აღორძინების იმედითაა განმსჭვალული ლექსი "ბაზალეთის ტბა" (1833). 1887 ჭავჭავაძემ შექმნა რეფორმის შემდეგდროინდელი ქართული სინამდვილის ამსახველი თხზულება "ოთარაანთ ქვრივი", რომელშიც ქართველი დედის შთამბეჭდავი სახე საერთოდ ქართველი ხალხის სულიერი ძლიერების, მისი შეუპოვრობისა და ქედუხრელობის სიმბოლოდ აღიქმება.

1870-1890-იან წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი ინტელექტით, ენციკლოპედიური ცოდნით, ფაქტებისა და მოვლენების განსჯისა და განზოგადების იშვიათი უნარით აღბეჭდილი მრავალი ნაშრომი და წერილი ლიტერატურათმცოდნეობის («აკაკი წერეთელი და "ვეფხისტყაოსანი"», 1887 და სხვ.), საქართველოს ისტორიის ("აი, ისტორია", 1889; "ქვათა ღაღადი", 1899 და სხვ.); ეკონომიკის ("კერძო და სათემო მიწათმფლობელობა", "ხიზნების საქმე", ორივე 1886 და სხვ.), სახალხო მეურნეობის (მევენახეობისა და მეღვინეობის, სოფლის მეურნეობის თვირფასი კულტურების, მელიორაციის, მესაქონლეობის, მრეწველობის და სხვ.), საბანკო საქმისა და ფინანსების საკითხებზე; წერილები უცხოეთზე - ევროპისა და აღმოსავლეთის პოლიტიკაზე და სხვ.

ილია ჭავჭავაძემ თავის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაუთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რამაც ფუძემდებლური როლი შეასრულა ქართულ პედაგოგიურ მეცნიერებისა და ქართულ სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. ჭავჭავაძე მკაცრად აკრიტიკებდა ცარიზმის საგანმანათლებლო პოლიტიკას. იგი, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური, ეროვნების ბურჯის- ქართული ენის - დაცვისათვის ბრძოლას მჭიდროდ უკავშირებდა მშობლიურ ენაზე სწავლების, სახალხო სკოლების ქსლის ზრდის მოთხოვნებს, რაც პროგრესულ-დემოკრატიული პედაგოგიური მოსაზრებით იყო ნაკარნახევი. დღესაც აქტუალურია ჭავჭავაძის იდეები აღზრდისა და განათლების ორგანული კავშირის, გონებრივი, ზნეობრივი, ესთეტიკური, შრომითი და ფიზიკური აღზრდის შესახებ იგი განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა მასწავლებლის პიროვნებას და მის პირად მაგალითს. დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა ჭავჭავაძის შეხედულებას ოჯახში აღზრდის შესახებ: "...გაზრდა შვილისა ისეთი მოვალეობაა, რომ სხვა ყველაფერი ამას უნდა შევწიროთ, ამას უნდა შევალიოთ..." ("პედაგოგიური თხზულებანი", თბილისი, 1938, გვ. 353). ფასდაუდებელია ჭავჭავაძის მოღვაწეობა საქართველოში პროფესიული და უმაღლესი განათლების ორგანიზაციისა და ქალთა უმაღლესი განათლების განხორციელების საქმეში. იგი ზრუნვასა და შემწეობას არ აკლებდა უცხოეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს. სახალხო განათლებისა და პედაგოგიურ საკითხებზე მრავალი ნაშრომი დაგვიტოვა, მ. შ. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფუნდამენტურ ნაშრომს: "პედაგოგიკის საფუძვლები" (1888).

ილია ჭავჭავაძე იყო არა მარტო მხატვრული სიტყვის დიდოსტატი-პოეტი, ბელეტრისტი, დრამატურგი, მთარგმნელი; არა მარტო სალიტერატურო ენის რეფორმატორი და კანონმდებელი, ქართული კრიტიკული რეალიზმის, რეალისტური კრიტიკისა და მებრძოლი პუბლიცისტიკის ფუძემდებელი, არამედ ასევე - დიდი მასშტაბისა და ფართო დიაპაზონის მკვლევარი, რომლის ინტერესები მეცნიერების არაერთ დარგს მოიცავდა; მისი პრაქტიკული მოღვაწეობა კი საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან უბანს სწვდებოდა და მათ წარმატებებში განსაზღვრულ როლს ასრულებდა.


ეროვნული მოძრაობა [რედაქტირება]
მთელი თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ჭავჭავაძე დიადი მიზნის განხორციელებას - ქართველი ხალხის კონსოლიდაციას, ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებასა და ამაღლებას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ემსახურებოდა. ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოს უდიდესი ეროვნული მოღვაწე, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. უწინარეს ყოვლისა, ამაშია მისი ეპოქალური დამსახურება საქართველოს წინაშე.

მოწინავე ეროვნულმა იდეებმა, ერის გადარჩენის გზების ძიებამ ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა შემოქმედებაში შეიძინა მწყობრი და თანამიმდევრული კონცეფციის სახე, რომელიც მთელი ერის ქმედებისა და ბრძოლის ნათლად გააზრებულ პროგრამად იქცა და რომლის საბოლოო მიზანს ეროვნული ჩაგვრისგან თავისუფალი და სოციალურად თანასწორი საზოგადოების აშენება წარმოადგენდა. ჭავჭავაძე მეწინავე იყო მათ შორის, ვინც ქართულ სინამდვილეში ასეთი საზოგადოების აშენებისა და მშობელი ქვეყნის ბედნიერი მომავლის რწმენა დანერგა.

1905 წელს ილიამ შეადგინა პროგრამა, რომლის საფუძველზე 1917 წელს დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ამ ორგანიზაციის დაფუძნების სულისჩამდგმელი გახლდათ ილია ჭავჭავაძის დის შვილი, იმხანად ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის მარშალი, გენერალი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი.

1906 სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩეულმა ილია ჭავჭავაძემ განაცხადა: "სახელმწიფო საბჭოში თუ თავადაზნაურთა სახელით შევდივარ, ეს მხოლოდ ფორმალური, იურიდიული მხარეა. არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები".

1907 ჭავჭავაძე მოკლეს წიწამურთან, თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ გზაზე. "ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ", - წერდა ვაჟა-ფშაველა.

ილიამ სიცოცხლეშივე მოიპოვა მოწინავე ქართველი საზოგადოებრიობის საერთო აღიარება, უღრმესი პატივისცემა და დაფასება, ხოლო მისი მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ თანდათან სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ბუმბერაზი მოაზროვნისა და მხატვრის ნამოღვაწარის, მისი მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების მაღალი ღირებულების, იმ დიდმნიშვნელოვანი მისიის ჭეშმარიტი აზრი, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერ და გონებრივ აღორძინებაში შეასრულა.

დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე წმინდანად არის შერაცხული
sulxan-saba orbeliani
სულხან-საბა ორბელიანი (* 4 ნოემბერი, 1658 (ტანძია) ― † 26 იანვარი, 1725 (მოსკოვი), ქართველი მთავარი, ბერი, საერო და აპოლოგეტური მწერალი და პოლიტიკოსი. იყო სამეფო ოჯახს დაახლოვებული პირი და გიორგი XI-ის მომხრე ერეკლე I-ის წინააღმდეგ. თავად სულხან-საბას აღზრდაში გიორგი XI-ს შეუტანია წვლილი, რომელიც მისი მამიდაშვილია. ამ მეფის თანამოაზრე რჩება საბა მთელი ცხოვრება, განსაკუთრებით რაც შეეხება დაუფარავ დასავლურ ორიენტაციას და კათოლიციზმთან დაახლოებას.

1698 წლიდან სულხან-საბა ხდება ბერი დავით-გარეჯაში. მანამდე კი, 1692 წელს ხდება კათოლიკე და ამის გამო მისი აპოლოგეტური მწერლობა ემსახურება კათოლიკე ქრისტიანობის გავრცელებას საქართველოში. განიცდიდა დევნასა და შევიწროებას ქართული მართლმადიდებლური წრეების მხრიდან. თავდაპირველი ფარული აღმსარებლობის შემდეგ საქვეყნოდ აღიარებს კათოლიკურობას 1702 წლიდან. ამ პერიოდიდან საბას იხსენიებენ როგორც ქართული კათოლიკური წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრად.

1703 წლიდან ქართლში მეფდება მისი აღზრდილი და თანამოაზრე ვახტანგ VI. ორივენი ცდილობენ მიაღწიონ პოლიტიკურ და რელიგიურ ალიანსს დასავლეთის განმანათლებლურ-აბსოლუტისტურ მონარქიებთან, პირველ რიგში კი საფრანგეთთან. ამ მიზნების მისაღწევად ჩადის სულხან-საბა პაპ კლიმენტი XI-სა და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-თან 1713-1714 წლებში. მართალია უკან დაბრუნებული აგრძელებს აპოლოგეტურ მოღვაწეობას, მაგრამ ძლიერ ავიწროებენ, ვინაიდან ვახტანგის პოზიციებიც უკვე შესუსტებული იყო. საბოლოოდ იძულებულია სულხან-საბა იგივე ვახტანგ VI-თან ერთად დატოვოს ქვეყანა 1724 წელს რუსეთის მიმართულებით.

გარდა ჩამოთვლილი მოღვაწეობებისა სულხან-საბა ორბელიანი ითვლება ახალი ქართული ენობრიობისა და ლიტერატურის განმაახლებლად. ამ კუთხით განსაკუთრებით გამოირჩევა მისი ქართული ლექსიკონი, რომელიც ნაწილობრივ ენციკლოპედიურ ხასიათს ატარებს.
iakob gogebashvili
იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი (დ. 15 ოქტომბერი/ 27 ოქტომბერი, 1840, სოფ. ვარიანი, ახლანდელი გორის რაიონი ― გ. 1 ივნისი/14 ივნისი, 1912, თბილისი), ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია [რედაქტირება]
დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1855 შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 კი - კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებული გახდა 1863 სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864 გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ი.ჭავჭავაძე და ა. წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესული პედაგოგიური მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში.


შემოქმედება [რედაქტირება]
გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრება ქართული კულტურის წიაღში საზღვარგარეთისა და რუსეთის პროგრესული პედაგოგიკის მემკვიდრეობის ათვისებისა და შემოქმებითად გადამუშავების შედეგად აღმოცენდა; მსოფლმხედველობა რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების გავლენით ჩამოყალიბდა. მისთვის, როგორც კ. უშინსკისათვის რუსეთში, მთავარი პედაგოგიკის პრინციპი იყო ხალხურობის პრინციპი, რომელიც გულისხმობდა ერის ინტერესების შესაბამის სახალხო განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებასა და მშობლიურ ენაზე სწავლებას, ამასთან რუსული ენის შესწავლის აუცილებლობასაც. გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად - შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გოგებაშვილის შრომებში: "ბურჯი ეროვნებისა", "ხე ნაყოფით იცნობება", "ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში", "ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში", "ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ", "სახალხო მáსწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი", "განათლების მდგომარეობა საქართველოში", "მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები" და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები. "ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის" (1865), "ბუნების კარი" (1868), "დედა ენა" (1876), "რუსკოე სლოვო" (1887), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებითი კლასებში მოქმედი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები.

გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები "ქურდი და მამალი", "მერცხალი და მეცხვარე", "ცხვარი და მარტი" და სხვა. მოთხრობები "დევნილი მეგობარი", "ბეღურა", "ლომი", "მერცხალი", "აქლემი", "ორაგულის ცხოვრება", "ნამი", "ცისარტყელა" და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები "ასპინძის ომი", "იოთამ ზედგენიძე", "ერეკლე მეფე და ინგილო ქალი", "ცოტნე დადიანი", "თავდადებული მღვდელი თევდორე", "სხივი წარსულისა", "სამასი თავდადებული გლეხი" და სხვა.

მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა "იავნანამ რა ჰქნა" (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს "ნობათს", "ჯეჯილსა" და "ნაკადულს".

გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს და სხვება, სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.

1940 აღინიშნა გოგებაშვილის დაბადების 100 წლის იუბილე. გოგებაშვილის ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. 1952-1965 გ. თავზიშვილისა და დ. ლორთქიფანიძის რედაქციით გამოიცა გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, რომელიც შეადგინა და კომენტარები დაურთო ვ. ქაჯაიამ. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული, 1976 ჩატარდა "დედა ენის" 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის "დედა ენისა" და "ბუნების კარის" აღდგენილი გამოცემები.
nodar dumbadze
ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა – ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კპ, პარტიის მაიაკოვსკის რაიკრმის პირველი მდივანი ი, დედა – ანა ივანეს ას ბახტაძე – დიასახლისი. ქალაქ თბილისის მე-15 სკოლის მოსწავლე ნოდარ დუმბაძე საცხოვრებლად გადავიდა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში ბებიასთან და პაპასთან. 1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისს დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. 1967- 72 წლებში იყო ჟურნალის " ნიანგი" რედაქტორი. 1972 წლიდან საქ. მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი და სსრკ მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. ჟურნალის " მოლოდაია გვარდია" სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1950 წლიდან ნ. დუმბაძის ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. მოთხრობების პირველი კრებული " სოფლელი ბიჭი" გამოქვეყნდა 1960 წელს. მწერალს აღიარება მოუპოვა პირველივე რომანებმა: " მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1960 წ) და "მე ვხედავ მზეს " (1962). ნოდარ დუმბაძის რომანებისა ("მზიანი ღამე" (1967 წ) , "ნუ გეშინია, დედა!" (1971 წ.), "თეთრი ბაირაღები" (1973 წ.)) და მოთხრობებისათვის 1975 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია.

ნაწარმოებების ნათელმა ოპტიმიზმა, თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ღრმა წვდომამ, თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა - როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ. დუმბაძის თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე. დუმბაძის ოთხივე რომანი გადაკეთდა პიესებად. დაიდგა ქართულ, სხვა რესპუბლიკებისა და უცხო ქვეყნების სცენებზე. გადაღებულია კინო-ფილმები: ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"(1962წ. რეჟისორი თ. აბულაძე); ,,მე ვხედავ მზეს" (1965წ. რეჟ. ლ. ღოღობერიძე); ,,გზა მშვიდობისა, ჯაყო!"; ,,ნუ გეშინია, დედა!" (1972 წ. რეჟ. მ. კოკოჩაშვილი). ნ. დუმბაძეს ეკუთვნის ლექსებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული. დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით. გარდაიცვალა 1983 წელს. დაკრძალულია ქ. თბილისში, საბავშვო ქალაქ ,,მზიურში
shota-rustaveli
შოთა რუსთაველი, რუსთველი (*დაახ. 1160-65) - მე-12 საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა “ვეფხისტყაოსანი”. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.

წარმომავლობა

შოთა რუსთაველი, სერგო ქობულაძის მხატვრული წარმოდგენით, 1937შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.

რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი ("დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი", "მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი"), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავსრუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალური-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ I (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:"ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო") და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (გაბაშვილი, ტიმოთე|ტ. გაბაშვილის მიერ 1757-1758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი "შოთაჲსა მეჭურჭლეთუხუცესისაჲ", რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.


ვეფხისტყაოსნის მანუსკრიპტისავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვაზირი, თამარ მეფესთან დაახლოებული პირი. როგორც მეჭურჭლეთუხუცესს, მას ევალებოდა ქართული საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწუხრს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველი, როგორც ვაზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების სემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი არჩილ II. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობას. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.

პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.

1960 წელს პალესტინაში გაემგზავრნენ ქართველი მეცნიერები ი. აბაშიძე, გ. წერეთელი, ა. შანიძე, რომელთაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოიძიეს და გადაიღეს სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტი. აქ მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ იგი იყო მეჭურჭლეთუხუცესი თამარის კარზე. ლეგენდის თანახმად, პოეტი გარდაიცვალა ჯვრის მონასტერში, თუმცა ეს ვერსია სადავოა.


განათლება               შოთა რუსთაველმა, როგორც ჩანს, ბრწყინვალე განათლება მიიღო ჯერ საქართველოში, გელათის აკადემიაში, შემდეგ - საბერძნეთში; შეისწავლა ბერძნული, არაბული და სპარსული ენები, იცნობდა არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, ემპედოკლეს, ჰერაკლიტეს, პლატონის ნაშრომებს, აღმოსავლურ ლიტერატურას (ფირდოუსი, გურგანი, ნიზამი და სხვა). ყოველივე ეს, აგრეთვე პოეტის განსწავლულობა ასტრონომიაში, ასტროლოგიაში, გეოგრაფიაში, მედიცინაში, ფილოსოფიაში, სამართალში, ისტორიაში, სამხედრო საქმეში და სხვა, ასახულია მის პოემაში.


ვეფხისტყაოსანი

შოთა რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მოსანტერშიპოემა “ვეფხისტყაოსანის” შესაძლო შექმნის თარიღია XII ს-ის 80-90-იან წლები და არაუგვიანეს XIII ს-ის პირველი ათწლეულისა. ზოგიერთი მკვლევარი პოემის დაწერის თარიღს 1205-1207 წლების ინტერვალში ათავსებს. სავარაუდოდ, ეს არ უნდა იყოს შოთა რუსთაველის ერთადერთი ნაწარმოები, თუმცა მათ ჩვენამდე არ მოუღწევია.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ვეფხისტყაოსნის XVI საუკუნის ხელნაწერთა ორი ფურცელი. პოემის დანარჩენი ფურცლები XVII საუკუნისაა (დაახ. 1653).


საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში შოთა რუსთაველის სახელს ატარებს (შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია). თბილისის მთავარ გამზირსაც რუსთაველის სახელი ჰქვია. ასევე არსებობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, და ა.შ.